საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ქვეყნის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. „სიყვარულის ქალაქი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, მუდმივად იყო არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი კონტინენტური ევროპის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების შუაგული. პარიზმა მსოფლიოს აჩუქა გენიოსები ხელოვნების, ფილოსოფიის, მწერლობის და კულტურის სხვა მრავალ დარგში. პარიზში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი, ძალიან ხშირად, არსებით გავლენას ჰპოვებს ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
პარიზი მდინარე სენაზეა გაშენებული. ისტორიული კვლევების შედეგად დგინდება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები ჯერ კიდევ ძვ. წ. 7600 წელს გაჩნდა. ქალაქი შედიოდა დასავლეთ რომის იმპერიის შემადგენლობაში, რა დროსაც იგი ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც დაწინაურდა, თუმცა დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ 508 წელს მოპოვა, როცა ამ ტერიტორიაზე ფრანკთა სამეფო ჩამოყალიბდა. მის შემდეგ, მოკლე ისტორიული მონაკვეთების გარდა, პარიზი ამაყად ატარებს ამ სტატუსს. პარიზს ხშირად „სინათლის ქალაქსაც“ უწოდებენ, მეტაფორულად, განამანათლებლობის ეპოქაში შეტანილი წვლილის გამო და, პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან იგი პირველი ქალაქი იყო ევროპაში, სადაც გაზის საშუალებით ქუჩების განათების ტექნიკას იყენებდნენ.
პარიზი 105 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული და ქალაქის მოსახლეობა 2.15 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაგრამ თუ პარიზის აგლომერაციასაც და გარეუბნებსაც ჩავთვლით, ეს რიცხი თითქმის 11 მილიონამდე იზრდება.
პირველი რაც პარიზზე გახსენდებათ, სავარაუდოდ, ქალაქის სიმბოლო, ეიფელის კოშკია. 324 მეტრი სიმაღლის რკინის კონსტრუქცია, რომელიც მისი ინჟინერის, გუსტავ ეიფელის, სახელს ატარებს, მე-19 საუკუნიდან ამშვენებს საფრანგეთის დედაქალაქს. ეიფელის კოშკიდან პარიზის ცენტრალური ხედი იშლება, ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში კი შეგიძლიათ უგემრიელესი ყავისა და კრუასანების დაგემოვნება.
ტრიუმფალური თაღი, რომელიც ერიხ მარია რემარკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის შთაგონების წყარო გახდა, პარიზის ნამდვილი სიამაყეა. ეიფელის კოშკიდან არც ისე შორს მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს 50 მ სიმაღლის მე-19 საუკუნის ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილის მონუმენტი, რომელიც აღფრთოვანებაში მოიყვანს ყველა მნახველს.
ლუვრის მუზეუმის განსაკუთრებული პოპულარულობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: გარდა იმისა, რომ ლუვრის სასახლე ფრანგული ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის სიმბოლოა, ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში უდიდესია, რომელიც 38000-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს და 72000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავს.
პარიზს რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება, რომელთაგან ყველაზე დიდია შარლ დე გოლის სახელობისა და ორლის აეროპორტები. შარლ დე გოლის აეროპორტი 2018 წელს 72 მლნ-ზე მეტ მგზავს მოემსახურა.
მარიამი
2023-12-06 12:12:58