უკრაინის დედაქალაქი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც მდინარე დნეპრის პირას არის გაშენებული. მისი მოსახლეობა დაახლოებით სამ მილიონამდე აღწევს.
კიევი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია. თავისი ათასწლოვანი ისტორიით კიევი აჯადოვებს რელიგიური და კულტურული ისტორიის მკვლევარებსა თუ მოყვარულებს. ქალაქი თავდაპირველად ჩამოყალიბდა, როგორც პირველი რუსული სახელმწიფოს ცენტრი, რის გამოც ხშირად მას „რუსთა ქალაქების დედად“ მოიხსენიებენ, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ კიევმა აღიდგინა თავისი სტატუსი, როგორც უკრაინის დედაქალაქმა და ჭეშმარიტად ევროპულმა ქალაქმა.
ქალაქი მდინარე დნეპრის ორივე მხარესაა გაშენებული და დაახლოებით 780 კვ. კმ-მდე არეალს მოიცავს. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მისი უძველესი უბანი დნეპრის ბორცვებთან, რომელსაც ზედა ქალაქს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიულმა ნაწილმა მრავალჯერ განიცადა ნგრევა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად შენარჩუნებულია უძველესი ქუჩების განლაგება და მათთვის დამახასიათებელი ისტორიული და არქიტექტურული მონუმენტები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა სოფიას კათედრალი, რომელიც ახლა მუზეუმად არის გადაკეთებული. მე-11 საუკუნეში აშენებული ეს ულამაზესი ნაგებობა, რომელმაც მე-18 საუკუნეში ბაროკოს სტილში მოდიფიკაცია განიცადა, დღემდე რჩება რუსულ-ბიზანტიური სასულიერო არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად. ამ კათედრალის კედლებზე შესრულებულია ფერწერები და მოზაიკა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.
„ძველი კიევის“ სიახლოვეს მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცნობილი მუზეუმები, თეატრები და საჯარო დაწესებულებები. აქვეა ცნობილი ქუჩა ხრეშჩატიკი, კიევის ისტორიული და კულტურული ცენტრი. ქალაქის ყველაზე ცნობილი პარკია მაიდანი - ე.წ. დამოუკიდებლობის მოედანი - რომელიც 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების შუაგულში მოექცა და თანამედროვე დემოკრატიული უკრაინის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთ „წმინდა ადგილად“ იქცა.
ხრეშჩატიკის გადაკვეთაზე მდებარეობს უკრაინის უსაყვარლესი მწერლისა და პოეტის, ტარას შევჩენკოს სახელობის ბულვარი, რომელიც დამსვენებელს სასიამოვნო და ჯანსაღ გარემოს სთავაზობს.
ქალაქი ასევე განთქმულია თავისი ცნობილი და მრავალფეროვანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტებით. კიევი ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრია, ყოველწლიურად იგი უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს.
ქალაქს ემსახურება ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტი თავისი ოთხი ტერმინალით, რომელიც 2018 წელს 13 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. ასევე არის ქალაქის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შედარებით მცირე ზომის ჟულიანის აეროპორტი.
კიევს ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული ახასიათებს, მაგრამ ქალაქისთვის დამახასიათებელი კულტურა, ხალხი და სამზარეულო წელიწადის ნების დროს მოგიყვანთ აღფრთოვანებაში.
გაქვთ კითხვა ან კომენტარი?
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიტოვეთ კომენტარი.